სკანდალი რუსთაველის თეატრში - რა იცოდნენ და რა არა მსახიობებმა?

გამოქვეყნდა:

უსასტიკესი ძალადობის მტკიცებულება ნინუცა მაყაშვილს არ აქვს, თუმცა ჰყავს ბევრი მოწმე. რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც კოლეგის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინ, როდესაც ორსულ ნინუცა მაყაშვილს მსახიობი ქმარი სასტიკად უსწორდებოდა თეატრში ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობის წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედა. 

ნიკა შველიძე ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის შვილის ნათლია და ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობია. დღეს ის გვიმტკიცებს რომ არაფერი იცოდა. მეგობარს ბრალს მტკიცებულებების გარეშე ვერ სდებს. ფიქრობს რომ ამომწურავი პასუხი გამოძიებამ უნდა დადოს. 

თავად ბესო ზანგური ორი დღეა კამერებთან არ გამოჩენილა. მან სოციალური ქსელით კოლეგებს უპასუხა და დაწერა, რომ ეს დაგეგმილი კამპანიაა მისი და რობერტ სტურუას წინააღმდეგ. 

თავად რობერტ სტურუა თავისი ფავორიტი მსახიობის დასაცავად ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურობს. დღეს ისიც კი თქვა რომ თეატრიდან წასვლას აპირებს.

ნინუცა მაყაშვილი კი ამბობს რომ ჩივილს არ აპირებს, თუმცა არასამთავრობოები  დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდებიან და ამბობენ, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადება უკვე არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო გასულია თუ არა ხანდაზმულობის ვადა, ამ გამოძიების ფარგლებში უნდა გაირკვეს.​

გამოძიება ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა. ცნობილია ის რომ ნინუცა მაყაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი