ქუთაისის მთავარ მოედანზე ასეულობით დემონსტრანტია შეკრებილი და ღამის გათენებას ღია ცის ქვეშ გეგმავს.
ჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისში მსვლელობით ჩამოვიდნენ. გუმათის დატოვების გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დემონსტრანტების მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ადამიანები სოფელ გუმათამდე არ აუშვეს. პროტესტის კერისკენ მიმავალი გზა პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი.
მსვლელობის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცველებს და ამბობენ, რომ ნამახვანში ჰესის მშენებლობა არამარტო ადგილობრივ სოფლებს, არამედ მთელს ქუთაისს ემუქრება განადგურებით.
ვითარება გუმათში დილიდან უკიდურესად დაძაბული იყო. ხელისუფლებამ რკინის კედლები აღმართა და რიონის ხეობა დახურულ ზონად გამოაცხადა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. ტერიტორიაზე, სადაც თურქულმა კომპანია ენკამ ახალი ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენოს, დილიდან არავის უშვებდნენ. მათ შორის არც იმ ადამიანებს ვისი სახლებიც რკინის კედლებს მიღმა დარჩა.
პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის 9 ადამიანი დააკავა.
რიონის ხეობაში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე მიყვანილი ყავთ სპეცრაზმელები და წყლის ჭავლის მანქანები. ბოლო დღეებში განვითარებული მოქმედებების გათვალისწინებით, რიონის ხეობის მცველები არ გამორიცხავენ რომ პოლიციამ ძალა ისევ გამოიყენოს.