უბედური შემთხვევა თუშეთში - აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. ისინი ადგილზე მაგისტრალის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ. ადგილობრივებმა ერთი მუშის გადარჩენა შეძლეს, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. მეწყერის ქვეშ მოყოლილ მეორე მამაკაცს კი, მაშველები უკვე სამი საათია ეძებენ. დაკარგული მამაკაცი სავარაუდოდ, მიწის მასის ქვეშ მოყვა, თუმცა შესაძლოა, ის ხევშიც იყოს გადავარდნილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ხშირია.
საგზაო სამსახური მუშაობდა, ჩამოწვა ზვავი და მოაყოლა ორი საგზაოს თანამშრომელი. ერთი თანამშრომელი მალევე იპოვეს, მეორე ჯერ არ უპოვიათ, ეძებენ. მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, ეს არის ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთი. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ გზის გაწმენდას სეზონური სამუშაოებისთვის, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.