სიღნაღში გლეხები ბოდბის მონასტერს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

სიღნაღში კახელები ბოდბის მონასტერს უპირისპირდებიან. ადგილობრივი მოსახლეობა სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს მათი სასახლკარე ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებს. ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ეპარქიაში კი ამტკიცებენ, რომ მონასტერს მიწა, რომლის ფართობი ჯამში 50 ჰექტარს აღწევს, კანონიერად ეკუთვნის. დავა მოსახლეობასა და მონასტერს შორის უკვე წლებია გრძელდება და ხალხი უკვე, ეპარქიის დამოკიდებულების გარდა, საჯარო უწყებების უმოქმედობასაც აპროტესტებს. 

მას შემდეგ, რაც "მთავარი არხი" სადავო ტერიტორიების გადასაღებად მივიდა, ბოდბის მონასტრის მონაზვნებმა პოლიცია გამოიძახეს. 

ლაპარაკის ღირსადაც არ გვთვლის, არც გვესალმება. ადრე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა დედაოებთანაც და მეუფესთანაც. რაც ეს ქალბატონი მობრძანდა, თეოდორა და ანა, ყველაფერი აირია. ისინი იმაზეც არიან წამსვლელი, რომ სული ამოგვხადონ. პირიდან ლუკმას გვართმევენ, - ამბობს თამაზ გორელიშვილი. 

იგი იმ ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს, სადაც თავად გაიზარდა. ახლა გორელიშვილის მიწის დიდი ნაწილი მონასტერს ეკუთვნის. მონაზვნებმა ეზოში მდგარი ჯანსაღი ხეები, მათ შორის, ასწლოვანი კაკლებიც გაჩეხეს.

სოფელ ქედას მცხოვრები გოდერძი გოდერძიანი გვიყვება, რომ გასულ წლებში სხვა მიწებთან ერთად მისი კუთვნილი 5 ჰექტარიც საპატრიარქომ დაიკანონა და ახლა მისი საკარმიდამო ტერიტორიის დასაკუთრებასაც ცდილობს.

ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მიწას ვინ წამართმევს, პუტინი წამართმევს, აზერბაიჯანელი თუ იღუმენია წამართმევს. როდესაც ამას ვამბობ და პრეტენზიას გამოვთქვამ, მეუბნებიან, რომ ეკლესიას ვებრძვი. პირიქით, ისინი მებრძვიან მე 30 წელია, - ამბობს იგი

სოფელში ყვებიან, რომ მონასტრის წინამძღვარმა ბევრ მოსახლეს სხვა გზა არ დაუტოვა და იძულებულები გახდნენ, მიწები კონკრეტულ ფასში დაეთმოთ.

ხეებს, რომელსაც მონასტრის დედების დავალებით ჭრიან, ცალკე ასაწყობებენ. ადგილზე მისულ მთავარი არხის ჯგუფს გადაღების უფლება არ მისცეს. 

დედა სალომეს მტკიცებით, მათ ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ჯამში 46 ჰექტარი ეკუთვნით. ეს მიწა 2007 წელს კერძო პირმა ეკლესიას შესწირა. ხეების მოჭრაზეც უფლება აქვთ. არც ერთ ბრალდებას არ იზიარებს. მეტიც, იმ სიას კითხულობს, სადაც იმ ადგილობრივების გვარებია, ვისაც სახლების დასათმობად წლების წინ გარკვეული თანხა გადაუხადეს. სახლები დაანგრიეს, ტერიტორია მოასუფთავეს და მონასტრის პარკინგად გადააკეთებენ.

ბოდბის მონასტრის მონაზვნები სოფლის მცხოვრებთა ბრალდებების საპასუხოდ დაჟინებით ითხოვენ იმ რამდენიმე ოჯახის გადაღებასაც, რომლებიც მონასტერთან არ დავობენ.

ადგილობრივები გვიამბობენ, რომ მონასტერი რამდენიმე მოსახლესთან არის გარიგებული. 

არიან გლეხები, რომლებიც ეკლესიასთან კარგ დამოკიდებულებაში არიან. მათ სახელზეა გაფორმებული მიწები და მიწების გადასახადს არ იხდიან. ასეთ ალიანსში არიან, - ამბობს გოდერძი გოდერძიანი.

დღეს სიღნაღის რაიონის მცხოვრებთა ნაწილი ცდილობდა საჯარო რეესტრში ის საბუთები მოეძებნა, რომელიც ეკლესიასთან დავაში დაეხმარებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრძოლაში დაიღალნენ.

სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც საპატრიარქო და ხელისუფლება ერთ სიმბიოზად იქცნენ, ადგილობრივი გლეხები სამართალს ვერცერთ უწყებაში პოულობენ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი