რიონის ხეობის მცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. როგორც სამხარეო შენობასთან, შეხვედრიდან გამოსულმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს, ხელისუფლებას მათ სამი პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვეს - დატოვოს ხეობა პოლიციამ და აიღონ რკინის ღობე, შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და მისცენ საშუალება აქციის მონაწილეებს, მათი კარვები დაბრუნდეს პროტესტის ადგილას - სოფელ ნამოხვანში.
რიონის ხეობის მცველები ახლა ამ პირობებზე პასუხს ელოდებიან. როგორც გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღე ითხოვეს და მიზეზად "პრემიერის ჯანმრთელობა" დაასახელეს.
რიონის ხეობის მცველების თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე პროტესტი გუმათში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
რაც შეეხება "ენკასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ხელშეკრულების დეტალებზე დაიწყოს მსჯელობა, უნდა გაჩნდეს შემდგომი დიალოგის სივრცე და ამ სივრცეს, სწორედ დასახლებული სამი პირობის შესრულება შექმნის.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რიონის ხეობის მცველებთან საუბრისას დაუშვეს შესაძლებლობა, რომ "თუ არის სახელმწიფო ინტერესი დათმობილი, ჰესი არ აშენდება".
შეხვედრის დასრულებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ.
ერთ-ერთი პირი ვინც შეხვედრას ესწრებოდა, სოზარ სუბარი იყო.
პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი მონაწილეობდნენ.