უმოძრაობის გამო ახალგაზრდებს ჭარბწონიანობისა და ავადმყოფობის საფრთხე ემუქრებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ყოველი ხუთი მოზარდიდან ოთხი, დღის განმავლობაში ერთ საათზე ნაკლებს მოძრაობს, რაც ფიზიკური განვითარებისთვის შემაფერხებელია.
კვლევა, რომელიც მსოფლიოს 146 ქვეყანაში ჩატარდა, გვაჩვენებს, რომ 11-დან 17 წლამდე ახალგაზრდების 80 პროცენტი არ ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევას - დაკავდნენ ფიზიკურად.
საგანგაშო მონაცემებად აღიქვამენ ფსიქოლოგები კვლევის შედეგებს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ თანამედროვე მოზარდები კონტაქტებს სოციალური ქსელებით ამყარებენ და ამიტომ მათ ფიზიკური აქტივობის სურვილი ეკარგებათ. კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში ფსიქოლოგებისთვის განათლების სამინისტროს მხრიდან სპორტის გაკვეთილების მიმართ არასწორი მიდგომაა.
ფიზიკური აქტივობა, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ამაზე ენდოკრინოლოგებიც საუბრობენ. მოზარდებში უმოძრაობამ შესაძლოა კუნთების სისუსტე, ნერვული სისტემის დარღვევა და ყველაზე ხშირად ჭარბწონიანობა გამოიწვიოს. საქართველოში ამ მიმართულებით 4-5 წლიდან იწყება ენდოკრინოლოგის მიმართ მიმართვიანობა, რაც ისევ და ისევ უმოძრაობით აიხსნება.
ის, რომ საქართველოშიც არსებობს მოზარდებში უმოძრაობის პრობლემები, ამას ფიტნესინსტრუქტორიც აღნიშნავს. სპორტდარბაზებში ახალგაზრდების აქტივობა 15 წლიდან აღინიშნება, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა.