ანტივაქსერული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს და ამჯერად, სახალხო დამცველს უპირისპირდება.
სასულიერო პირი იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის წარმომადგენელი საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
მეუფე სპირიდონის თქმით, "ამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს [სახალხო დამცველს]" ამ ბავშვებს "საჯიჯგნად" ვერ მისცემს და მის "გვამზე გადაივლიან, ისინი ვერასდეს ვერ შევლენ იქ".
"მოსულები იყვნენ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ შეუშვან იქ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე და მე ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს", - ამბობს მეუფე სპირიდონი
მისი თქმით, ეს ხალხი "ლიბერასტებმა" მიუგზავნეს, რადგან ამბობს, რომ ნამოხვანში "გესის" მშენებლობის წინააღმდეგია, ხოლო ვაქცინაცია "ქვეყნის გენოციდად" მიაჩნია.
"მე რომ მკითხოს ხალხმა, მაგათ ფეხქევშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს. ესეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი", - თქვა მან.
როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, სახალხო დამცველის უწყებამ მას ცილი დასწამა. მისი თქმით, პანსიონში "ჯანდაცვის ხალხსა" და სოცმუშაკებსაც უპრობლემოდ უშვებენ.
ამავე თემაზე:
ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლები არ შეუშვეს