უკვე მე-12 დღეა, სომხეთის სამ მოქალაქეს, მათ შორის ორ მცირეწლოვანს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ ეძლევა. მიზეზი ბავშვების ვადაგასული პასპორტია. ბავშვების დედა ამბობს, რომ მათ საქართველოში გამომგზავრებამდე სასაზღვრო დეპარტამენტს მიმართეს, სადაც უთხრეს, რომ ბავშვებს ქვეყანაში პასპორტის გარეშეც შეუშვებდნენ.
მცირეწლოვნების მამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ამბობს, რომ მესაზღვრეებს ქორწინების მოწმობა წარუდგინა, თუმცა მის ოჯახს ქვეყანაში ამ დრომდე არ უშვებენ. ამასთან საზღვარზე მყოფი ქალისა და ორი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
"ძალიან ცუდად ვართ, საჭმელი არ გვაქვს, ერთი ბავშვი ცუდად არის, წამლები სჭირდება, ახველებს, 7 აპრილიდან ასე ვართ. არ გვიშვებენ იმიტომ რომ ბავშვების პასპორტს მოქმედების ვადა გაუვიდა. ქმარმა ქორწინების მოწმობა წარუდგინა, მაგრამ არაფერი. ბავშვები ტირიან, ამდენი დღეა იატაკზე იძინებენ, მეც წნევა დამივარდა ცუდად ვიყავი", - ამბობს ბავშვების დედა.
ლარსის საზღვარზე მყოფი ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებასა და ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას სთხოვს.