წმინდა სინოდის წევრებს მამა ანდრია სარიას მიერ გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის არ სჯერათ, თუმცა მღვდელმთავრების მცირე ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ზნეობრივი კომისიის შესწავლის საგანი მაინც უნდა გახდეს, იმის მიუხედავად, რომ მის ჭეშმარიტებაში თავადაც ეჭვი ეპარებათ.
ჩანაწერში, რომელიც მამა ანდრიამ გუშინ გაასაჯაროვა, ერთერთი არაიდენტიფიცირებული პირი საუბრობს პატრიარქის პირადი ცხოვრების დეტალებზე.
საპატრიარქოს წარმომადგენლები და სინოდის წევრები საკმაოდ მწვავედ აფასებენ ჩანაწერებს, რომლებიც მამა ანდრია სარიამ გაავრცელა. ბოდბის მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ქვეყნის მოღალატეა.
ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა, რადგან ცილისმწამებელი ადამიანია. ვერასდროს ვერაფერი დაამტკიცა, რასაც ამტკიცებდა. ქრისტე სძულს ამ სოფელს, სარიასაც სძულს, რადგან ამ სოფლის შვილია, - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.
მე არ ვიცი, იქ არიან ქორესკოპოსი, მოსაყდრე, ზნეობრივი კომისია, უნდა შეისწავლონ და თუ იქ არის რამე, მერე უკვე იმსჯელონ. ამ შემთხვევაში მეუფე პეტრე არის უბრალო იარაღი, - აცხადებს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია.
სასულიერო პირთა ნაწილს აუდიო ჩანაწერში მოთხრობილი ამბების შესახებ არ სჯერა.
მას შეჩერებული აქვს მღვდლობა. ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და სამწუხაროდ, მამა ანდრია ვერ ხვდება, რომ ეშმაკი ასე ატყუებს ხოლმე ადამიანებს, თითქოს სიმართლისთვის იბრძვიან, თითქოს ამხელენ, თითქოს უნდათ რომ მოხდეს ადამიანების უკეთეს ცხოვრებაში შესვლა და ცხონება, - ამბობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი მამა იოანე გორელიშვილი.
ჯერჯერობით არ ვიცით, ახსენებს თუ არა ამ თემას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დღევანდელ წირვაზე, რომელსაც იგი სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.