"სამართლის საფარქვეშ არის მზაკვარი ცილისწამება" - მეუფე იოანე მამა ანდრია სარიაზე

გამოქვეყნდა:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი მღვდელმონაზონ მამა ანდრია სარიას მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მამაოს სიტყვა და საქმე ხშირად არ ემთხვევა და მის სიტყვას არ ენდობა. მეუფე იოანეს განცხადებით, ის პატრიარქს წლებია იცნობს და მსგავსი რამ არასდროს სმენია.

მამა ანდრიას მე ვიცნობ სტუდენტობიდან და ახლაც ვიცნობ მისი საქმეებით, ვიცნობ სიტყვით. მისი სიტყვა და საქმე ბევრჯერ არ ემთხვევა, ეს მისი პრობლემაა. ახალი რამე განცხადება თუ გააკეთა, არ ვიცი. მე არ მომისმენია ჩანაწერები. 

1983 წლიდან მე ვარ პატრიარქის გვერდით. არც მინახავს, არც გამიგია და არც მსმენია ვინმესგან და სარია რატომ აკეთებს ამას, თვითონ აგოს პასუხი თავის სიტყვებზე. მე არ ვიცი, ვინ რისთვის იბრძვის, - ამბობს მეუფე იოანე.

მეუფე ასევე ამბობს, რომ მამა ანდრია სარია ცილისმწამებელია და რადგან თავად მღვდელმონაზონი მიუთითებს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თავადაც უნდა აგოს პასუხი.

ამათ წყალობა და სიყვარული ავიწყდებათ და მარტო სამართალს ლაპარაკობენ და სამართალი წყალობისა და სიყვარულის გარეშე სისასტიკეა. თუ მართლა სამართალზეა ლაპარაკი. სამართლის საფარქვეშ არის მზაკვარი ცილისწამება. ეს მისი სინდისის საკითხია, რას ამბობს, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ, მისი სიტყვაც ვიცი და საქმეც. ამიტომ მე მის სიტყვას არ ვენდობი, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მამა ანდრია სარიამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც პატრიარქის მხრიდან სექსუალური შევიწროების მცდელობაზეა საუბარი. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი