თბილისის მერი კახი კალაძე დღეს ბიუჯეტის შემოსავლების კლებაზე საუბრობდა, თუმცა პარალელურად მისი უწყება 14 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენელთან.
თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნული ხელშეკრულება გუშინ გააფორმა. თანხას კომპანია "იმპოსტი" მიიღებს, რომლის ხელმძღვანელიც დავით ჩანტლაძე მანამდე კომპანია ა"ანაგის" დირექტორი იყო და ივანიშვილის ხეების ტარების საქმეში გახლდათ ჩართული. აღსანიშნავია, რომ იმავე კომპანიაში იყო დასაქმებული თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძეც, რომელიც ასევე ოლიგარქის გარემოცვად მიიჩნევა.
კორონა კრიზისის პირობებში მიღებული 14 მლნ ლარით კომპანია "იმპოსტმა" რეაბილიტაცია უნდა ჩაუტაროს თაბუკაშვილის ქუჩაზე განთავსებულ კადეტთა ყოფილ სასწავლებელს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი არხი ამ პროექტით დაინტერესდა, კალაძემ პროექტის განხორციელების შეჩერებაზე ისაუბრა.
თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კადეტთა ყოფილი კორპუსის შენობა ნგრევის პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის უმძიმეს მდგომარეობაში, შენობის ჭერი და იატაკი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს და აქ ადამიანების ცხოვრება შეუძლებელია.
ამ პროექტში კითხვის ნიშნებს მხოლოდ ის ბადებს, რომ შესამცირებელი ბიუჯეტის ფონზე, 5 მაისს ფორმდება 13,382,000 ლარიანი კონტრაქტი შპს "იმპოსტთან".
პანდემიის ფონზე, როცა კალაძე წუწუნებს, ბიუჯეტი უნდა შევამციროო, გამოყო 14 მილიონი ლარი კონკრეტული რეაბილიტაციისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ჩასატარებელია, მაგრამ ტენდერი ტარდება მორგებული პირობებით. ასე აღმოჩნდება შემთხვევით, რომ საბიუჯეტო ფულის მიმღები პირები პირდაპირ არიან ივანიშვილთან დაკავშირებული. საგამოძიებო უწყებას მოუწევს პასუხის გაცემას, როგორ მოხდა რომ ბიძინა ივანიშვილის ახლანდელმა თანამშრომელმა ძველს გაუფორმა ხელშეკრულება ამხელა თანხაზე, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი.
სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო პროექტი შეჩერდება.
ეს პროექტი დროებით იქნება შეჩერებული, თქვენ იცით, რომ ბევრ პროექტზე მოგვიწევს თქმა. თუმცა მივყვებით თემას. იმის გათვალისწინებით, თუ მუნიციპალიტეტს უნდა ჩამოეჭრას თანხები, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი ვერ განხორციელდება. თუ არ დადგება ამის აუცილებლობა და საჭიროება, ყველა იმ პროექტს განვახორციელებთ, რომლებიც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული, - ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე.
კადეტყთა კორპუსის მოსახლეობა წლებია ითხოვს დახმარებას, თუმცა მთავრობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა და ახლა კი ირკვევა, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა შეჩერდეს.