ჭიათურის მერიასთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მათი სახლების და ეზოების ქვეშ მადანს მოიპოვებს, რის გამოც სახლები ინგრევა.
მეორე პროტესტის კერა კი დასაქმებული მაღაროელები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ დამსაქმებელი კომპანია მათ შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას არ უხდის.
"არ გვაძლევენ კანონიერი მშვიდობიანი აქციის უფლებას, რომ დავდგათ კარვები და იქ გავათენოთ ღამეები, რატომ ვართ ამ ქვეყანაში ასეთი დაუცველები ჩვენ, სახლი გვენგრევა, სკოლა, ტაძარი, გზა, ყველაფერი. მიწის ქვეშ სამუშაოები მიმდინარეობს და სახლები იქცევა, ეზოებში ბავშვს ვერ ვათამაშებთ, სოფელი ნადგურდება", - ამბობს აქციის მონაწილე.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სახლების დანგრევისთვის მათ ან კომპენსაცია უნდა გადაუხადონ, ან კომპანია სოფლიდან საერთოდ წავიდეს.