
რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ადგილობრივებმა. ისინი სოფელ ბირკიანთან, იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც 2019 წელს ხადორი 3 ჰესის მშენებლობა იყო დაგეგმილი და მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შეჩერდა.
ადგილობრივებმა მოთხოვნებიც გააჟღერეს და თქვეს, რომ კომპანია "ენკასთან" უნდა შეწყდეს დადებული ხელშეკრულება, გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა ნამახვანის ჰესების კასკადზე და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელი პირია მიმდინარე პროცესებზე.
საპროტესტო აქცია, რომელიც ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაანონსდა, დღეს მცირერიცხოვანი იყო, რის მიზეზადაც ადგილობრივები პოლიციის მხრიდან პანკისელებზე განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლას ასახელებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი