ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს.
ძირითადი საკითხები, რომელსაც ქართული მხარე აყენებს ქარელის რაიონის სოფლებში, ბოლო დღეებში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია, ასევე ცხინვალის ციხეში დატყვევებული ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის საკითხებია.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ უკვე 290 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა დააკავეს და ქმედითი ნაბიჯები მის გასათავისუფლებლად ამ დრომდე არ არის გადადგმული. ოჯახი საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.
"290 დღეა გასული, რაც ჩემი შვილი ცხინვალის ციხეში ზის. დღეს მორიგი შეხვედრაა ერგნეთში. 9 თვე-ნახევარი მგონი იმხელა დროა საიმისოდ, რომ ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდეს რამე, იმედია ამის", - ამბობს ნანა ბუნტური, ზაზა გახელაძის დედა.
"9 თვე-ნახევარის მერე, უკვე მუშაობას აზრი უნდა ჰქონოდა. 290 დღე გავიდა დღეს და ველოდებით შედეგს, შედეგი დღეს უნდა გამოიღოს ამ მუშაობამ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს უკვე დასრულდება ეს პატიმრობა და ზაზა დაუბრუნდება ოჯახს", - თქვა ირმა ბუთხუზმა, ზაზა გახელაძის მეუღლემ.
მოლაპარაკებების პარალელურად, ეგრნეთში საპროტესტო აქციაც გაიმართა. თბილისიდან ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე. მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან.
გენადი ბესტაევს 3-წლიანი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, ხოლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ე.წ. სასამართლოს მიერ.
ამავე თემაზე: