"რუსთავის აზოტის" გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე დასრულდა. პროტესტის მონაწილეების თქმით, დირექცია სახელფასო განაკვეთს არ გაუზრდის. გაფიცული თანამშორმლები ამბობენ, რომ საპროტექსო აქციები გაგრძელდება.
"გუშინ გუბერნატორი გამოვიდა და 10%-დან 15%-მდე იყო მომატებაზე საუბარი, ამას ფიქრობენო, დღეს ბიჭები შევიდნენ და საერთოდ არანაირ მომატებაზე არ იყო საუბარი. პირდაპირ თქვეს, რომ არ გვაქვს საშუალება, ვერ მოგიმატებთ. აუცილებლად ბოლომდე მივყვებით პროცესს, გავშლით კარვებს და მშვიდობიან ფორმაში გავაგრძელებთ პროტესტს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ქარხანაში სატვირთო ავტომობილებს არ უშვებენ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავის აზოტის" თანამშრომელბი მეორე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელფასის 50%-ით გაზრდა სჭირდებათ.