წოდორეთის ტყეს გაჩეხა ემუქრება. მიწა გაურკვეველ პირებს მაღალჩინოსნებმა აჩუქეს, რასაც სულ ორი ფარატინა ქაღალდი დასჭირდა. ფიქტიური გარიგებიდან ორიოდე დღეში ახალმა მფლობელმა მიწის ნაწილი კიდევ სხვაზე გაყიდა. ეს კარგად აპრობირებული პრაქტიკაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ. ტერიტორია კი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ შემოგარენად ითვლება, სწორედ იმ ტყის გამო, რომელსაც მალე გაჩეხას უპირებენ. ჯამში 16 000 კვადრატული მეტრი ძმებმა ანზორ და ემზარ მარღანიებმა უკვე გადაიფორმეს.
8000 კვადრატული მეტრი უნიკალური ასწლოვანი ტყე ემზარ მარღანიამ 23 აპრილს გადაიფორმა და ზუსტად სამ დღეში 26 აპრილს ვინმე გიორგი გელოვანს მიჰყიდა. კითხვებზე სასაუბროდ, ემზარ მარღანიას ოფიციალურ მისამართზე რამდენჯერმე მივაკითხეთ, თვითონ "მთავარი არხის" კამერას დაემალა, ოჯახის წევრებმა კი მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ჩვენთან ამ თემაზე საუბარი ემზარ მარღანიას არ სურდა.
ოფიციალურ მისამართებზე მივაკითხეთ ტყის ერთი ნაწილის 8000 კვადრატული მეტრის ახალ მესაკუთრეს გიორგი გელოვანს, მეზობლებმა გვითხრეს, რომ წლებია ამ მისამართებზე ის აღარ ცხოვრობს. გელოვანი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე დღის წინ ტყის სანახავად მივიდა. მოსახლეობასა და ტყის მცველს გაესაუბრა და ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვა, რომ დიდი გეგმები აქვს და ტყის ნაწილის გაჩეხა გეგმავს.
წოდორეთში ამ ტყესთან მიწის ფასი ყველაზე მაღალია - ერთი კვადრატი დაახლოებით 100 დოლარი ღირს. თავად ტყე კი შეუფასებელია. სწორედ, ამიტომ "მთავარი არხისა" და ადგილობრივების კითხვებზე საპასუხოდ მცხეთის მერის წარმომადგენელს სოფელ წოდორეთში დვუკავშირდით. ნუკრი ქობულაშვილმა შეხვედრაზე უარი გვითხრა, სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ ტყის გადაფორმების დროს საქმის კურსში იყო. ამტკიცებს, რომ ამ ადგილზე საბჭოთა კავშირის დროს ტყე არ ყოფილა. მიწა კი, სადაც მისი განმარტებით ახლა ტყე არის, მარღანიების წინაპრებს ეკუთვნოდა.
მიხეილ გოგუაძის რეპორტაჟი - "ტყე საჩუქრად"