ქუთაისში, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები პოლიციამ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების დროს გააჩერა. სამართალდამცველები მათ რეგულაციების დარღვევას ედავებიან. როგორც "მთავარ არხთან" აქტივისტები ამბობენ, გადაადგილების შეზღუდვას ისინი დემონსტრაციულად არღვევენ.
კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება. ამის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობით ან პარლამენტის დადგენილებით. სახეზე არ გვაქვს არცერთი - არ არსებობს მექანიზმი, რამაც შეიძლება შეგვიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება. დღეს ჩვენ ჩამოვედით [ქუთაისში] ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის, ნიკა ნარსიას მხარდასაჭერად, რომელიც მიდიოდა მამის საფლავზე და სწორედ ამ დროს დააკავა საპატრულო პოლიციამ. გაგვაჩერეს ჩამოსვლისთავანე, თუმცა ჩვენთვის ეს უკვე ათ ათეულზე მეტი "დარღვევაა". ჩვენ ვთვლით, რომ არანაირ კანონს არ ვარღვევთ. პოლიციელებიც უხერხულში არიან, არ იციან რა ქნან. ორი გამოსავალი აქვთ - ან უნდა გაგვიშვან, ან დაგვაპატიმრონ, - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ლაშა ხუსკივაძე.
სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ გარეთ 21:00 საათის შემდეგ და ამბობენ, რომ ეს არანაირი კანონის დარღვევა არაა.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ქუთაისში თანგუნდელ ნიკა ნარსიას დაკავების შემდეგ ჩავიდნენ.
იხილეთ ასევე: