ონკოლოგიური დაავადების მქონე ათობით ბავშვი, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შენობაში ცხოვრობს, საკვებისა და საცხოვრებელი ოთახების გარეშე დარჩა.
30 აპრილს, ძლიერმა წვიმამ ფონდის შენობის 1 სართული მთლიანად გაანადგურა. წყალმა დააზიანა ავეჯი, ტექნიკა და ის საკვები პროდუქტი, რომელიც დედა თინათინს მომდევნო თვეებისთვის, ბავშვებისთვის ჰქონდა მომარაგებული.
გამგეობის წარმომადგენლები ფონდში მივიდნენ, მდგომარეობას გაეცნენ და დედა თინათინს დაჰპირდნენ, რომ დასახმარებლად მალე დაურეკავდნენ. თუმცა, ამ დრომდე მათთან აღარავინ გამოჩენილა. შენობასაც თავად ასუფთავებენ და ბავშვებისთვის შეძლებისდაგვარად უსაფრთხო გარემოსაც თავად ქმნიან.
ამ დრომდე დახმარების მოლოდინშია დიდი დიღმის მაცხოვრებლების ის ნაწილიც, ვისაც ასევე 30 აპრილს ძლიერმა ნალექმა სახლები დაუტბორა. სამი დღეა გამგეობის წარმომადგენლებს უშედეგოდ ელიან. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ქუჩაზე სანიაღვრე ჭები, წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უკვე დიდი ხანია მოუწესრიგებელია, ამიტომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა მათ წვიმის წყალი სახლში შეუვიდათ
დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერი დახმარებას შეპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ მუნიციპალიტეტისგან არანაირი რეალური დახმარება არ მიუღიათ.