კლინიკა "თბილისის სითი მედიქალში" კოვიდინფიცირებული პაციენტები მძიმე პირობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მედიკამენტების მარაგი ამოწურულია და პერსონალი იძულებულია შემცვლელი წამლები გამოყენოს. კლინიკის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს.
ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტი "გეპარინი" სამედიცინო დაწესებულებაში აღარ აქვთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი პაციენტი ამბობს, რომ შეფერხებული იყო ანტიბიოტიკური მკურნალობაც.
კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ.
"ყველამ რეაგირება გავაკეთეთ, ვინც ვიყავით პალატაში, არა მხოლოდ მე, სხვებმაც დარეკეს, არ ჰქონდათ წამლების მარაგი, მოვითხოვეთ ჯანდაცვიდან, რომ ეს მარაგი ყოფილიყო. ისინი დაინტერესდნენ ვინ გასცა ეს ინფორმაცია. გეპარინი არ იყო, ანტიბიოტიკი შეგვიცვალეს ახლით, იმიტომ, რომ ძველი არ იყო, მე როგორც ალერგიული ადამიანი, გაღიზიანების ვარიანტები მაქვს და მძიმე მდგომარეობაში მაგდებს, ამიტომ შევშფოთდი", - ამბობს ერთ-ერთი პაციენტი "მთავართან" საუბარში
კლინიკასთან პრეტენზიები აქვთ დასაქმებულებსაც, სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 3-თვიან სახელფასო დავალიანებაზე საუბრობს.
მედიკამენტების პრობლემა არ ყოფილა ნამდვილად, სულ 5 დღის გადასულები ვართ კოვიდზე და შესაბამისად არაფრის პრობლემა არ გვაქვს, ჯერჯერობით, ჯვარი გვეწეროს.
ხელფასებზე რამდენიმე დღე შეიძლება არის გადაცდენა, 5 აპრილს გაიცა ხელფასები, წესით 5 მაისს უნდა გაცემულიყო, ეტყობა დასვენების დღეების გამო გაჭირდა ცოტა გადმორციხვები, რამდენიმე დღეში ველოდებით" თქვა კლინიკის დირექტორის მოადგილემ.
კლინიკასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოიკითხავს.