დღეს, ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება თანადგომა - ლევან რატიანის მიმართვა საზოგადოებას

გამოქვეყნდა:

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ქვეყანაში სისხლის მარაგი ამოწურულია. ამ თემაზე მან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოქალაქეებს დახმარება სთხოვა.

"დღეს ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის! დღეს ვიდრე. არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მაგათთან დაკავშირებით:

 მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს რადგან კოვიდის გადატანიდან 2 თვე უნდა იყოს მინიმუმ გასული.

მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა ამიტომ სისხლის ბანკში თითქმის დონორი აღარ გვყავს.

ამიტომ ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან!!! - წერს ლევან რატიანი. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, სისხლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში რთული მდგომარეობა ყოველთვის არსებობდა. მათი თქმით, მაშინ როცა საქართველო სისხლის და სისხლის პროდუქტების დაახლოებით 5-მილონიან ექსპორტს ახორციელებს, ამ ფონზე კრიზისი ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის და არასწორი პოლიტიკის ბრალია.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სისხლის მარაგების პრობლემა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, თუმცა ვითარება საგანგაშო არაა.

"ეს პრობლემა კორონავირუსის პანდემიის დროს გაცილებით უფრო მწვავედ დგას, თუმცა მსგავსი პრობლემები ყოველი წლის მანძილზე, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სისტემაში დგება, ხდება გარკევული მობილიზაცია ორგანიზაციების მხრიდანაც, როცა ხდება სისხლის ბანკის შერჩევა. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს რუტინული სამუშაო, არ არის რამე განსაკუთრებული და არანაირი პანიკის საფუძველი არ გვაქვს", - თქვა ტიკარაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებული დეფიციტი არაა და საჭიროებისამებრ პაციენტებს სისხლის გადასხმის პრობლემა არ აქვთ. მან მედიას და მოხალისეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა 14 ივნისს სისხლის გაცემის პროგრამაში ჩაერთონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი