შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2021 წლის პირველ სამ თვეში 3 ათასამდე ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი.
ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, ვინაიდან 2020 წელს ჯამში 7 ათას 573 ქალზე იძალადეს.
უფლებადამცველი გიორგი ხატიაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ქალები მოძალადეებთან პირისპირ აღმოჩნდნენ, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები და გაართულა შემთხვევების გამოვლენა.
ქალთა მკვლელობები წლიდან წლამდე იზრდება და ამის პრევენციისთვის სახელმწიფო უწყებები ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს.
ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პირველ რიგში შემთხვევების პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლებისთვის სერვისების რაოდენობის გაზრდაზე.
2021 წლის ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაში ბავშვებიც მოხვდნენ - ქვეყანაში 100-დან 6-ს შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლები სწორედ არასრულწოვნები არიან.
ბოლო სამ თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2 371 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს მიერ აღრიცხული ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა მზარდია, რაც, არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულების მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის გაზრდილ მიმართვიანობასაც უკავშირდებოდეს.