"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - ქვეყნის გახსნის მოთხოვნით, 22 მაისს, შაბათს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ორგანიზებით აქცია ჩაინიშნა.
უძრაობაში, ჭაობში ყოფნა არის ფასი, რომელსაც ვიხდით საკუთარი უფლებების მთავრობისთვის უპრეტენზიოდ გადაცემაში. ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ღირსება და ერთი ინდივიდის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, შაბათს, 17:00 საათზე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაგელოდებათ დინამოსთან. თითოეული პროტესტი და ბრაზის გამოხატვა მათთვის სიგნალია, რომ ცხვრებთან არ აქვთ საქმე.
მოვითხოვთ:
- გაუქმდეს კომენდანტი საათი
- გაიხსნას საზღვრები
- გაიხსნას ყველა ბიზნესი
- გაუქმდეს ჯარიმები, - წერენ აქციის ორგანიზატორები..
ცნობისთვის, უკვე ზუსტად ნახევარი წელია, ანუ 183 დღეა, რაც "ოცნების" გადაწყვეტილებით, 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა გვეკრძალება. ამას მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებს. ამბობენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.
დღეისათვის, კომენდანტის საათი მთელ საქართველოში მოქმედებს და გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული.
როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ.