ახალი ხნულები, ბანერები, წითლად შეღებილი ძელები და გაჩეხილი ტყე - ნიშნად იმისა, რომ საოკუპაციო საზღვარი იქ არის, სადაც თვითონ მოისურვებენ. ოკუპანტები სოფელ გორაკას მიმდებარედ ახლახან გამოჩნდნენ. აქ ყოველ დღე ისმის ელექტრო ხერხის ხმა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელები ე.წ. საზღვრის გასავლებად ასწლოვან ხეებს ჭრიან. ამ ტყეში ერთი თვის წინ ადგილობრივები ჩვეულებრივად შედიოდნენ, თუმცა ახლა ოკუპანტების შიშით სოფელის ტყესთან მისვლას ვეღარავინ ბედავს.
ტახტისძირი, დირბი, ღოღეთიდა თამარაშენი - მცოცავი ოკუპაციის შედეგად ათობით ჰექტარი სახნავი მიწის ფართი და საძოვრები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით მხოლოდ გასულ წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - უკანონოდ საზღვრის გავლების 60 შემთხვევაა აღრიცხული.
ოკუპანტები გამოზაფხულებასთან ერთად გააქტიურდნენ და სოფელ ტახტისძირში ახალი ხნულები გააკეთეს. აქვეა წითლად შეღებილი ხის ძელები, რომელიც კიდევ ერთი ნიშანია, რომ გადაადგილება აქ იკრძალება. იქ, სადაც ჯერ მხოლოდ წითლად შეღებილი ძელებია, ადგილობრივების თქმით, მალე ხნულებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტერიტორიაც ოკუპანტების კონტროლს დაექვემდებარება.
ატოცში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იქ დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები ამ კვირაში დაამონტაჟეს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები შეღობეს. მავთულხლართები ატოციდან ოქონის მიმართულებით გაავლეს და მისი სიგრძე, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია. ატოცელების თქმით, საოკუპაციო ძალები სოფელთან ახლოს, ბოლო ერთი კვირაა, გამოჩნდნენ და მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.
მიხეილ გოგოუაძის სიუჟეტი - "საოკუპაციო ზონა"