უშგულში სახიფაო გზის მომნუსხველ პანორამებს ავყავართ. "შაბათის მთავარის" გადამღებ ჯგუფს, ისე, როგორც ტურისტების ჯგუფს, გზად გაჩერება არაერთხელ უწევს, მეწყერი თითქმის ყოველ ნაბიჯზეა ჩამოწოლილი. მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სანახავდ სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ მაინც ავდივართ, პირველი გაჩერება კოშკების სოფელია.
ტარიელ ჟორჟოლიანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, უშგულში, სოფელ ჩვიბიანში ცხოვრობს. წლების წინ სწორედ მან უმასპირნძლა უპატრონო სვანეთში პირველ გერმანელ ტურისტებს. მაგრამ ახლა იმაზე ღელავს, რომ, შესაძლოა, უნიკალური სვანური კოშკების ნაცვლად, უშგულში ასულ სტუმარს მხოლოდ ქაოტურად მიმდინარე მშენებლობები დახვდეს.
სვანური კოშკები, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია, „უპატრონობისგან“ ნადგურდება. უშგულის სოფელ ჩვიბიანში კოშკების უმრავლესობა ჩამოიშალა, ან სტიქიის შედეგად დაზიანდა, ხელისუფლება მათ რეაბილიტაციას არც თავად ახდენს და არც მოსახლეობას აძლევს ნებას, რომ საკუთარი სახსრებით უნიკალური ძეგლები გადაარჩინონ.
უშგულის თემში სვანური კოშკები ღვთის ანაბარა ჩვიბიანის გარდა კიდევ სამ სოფელშია მიტოვებული. უნიკალური ძეგლები მხოლოდ ჩაჯაშია ბოლომდე რეაბილიტირებული, ალბათ ეს იმითაც აიხსნება, რომ სოფელს "იუნესკო" იცავს.
ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელი რეაბილიტაცია 150-მდე კოშკსა და მაჩუბს სჭირდება.