"გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ | კომპანიამ მათი ნაწილი გაათავისუფლა, შეკვეთებს კი ამ დრომდე არ იღებს

გამოქვეყნდა:

"გლოვოს" კურიერების პროტესტი - კომპანიის თანამშრომლებმა დღეს ჯერ საპროტესტო მსვლელობა, შემდეგ კი სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს და კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მათ ბონუსები მოუხსნეს და ანაზღაურება შეუმცირეს.

საპროტესტო დღის შემდეგ, "გლოვერების" ნაწილმა, კომპანიისგან შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც "გლოვომ" მათთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

"მთავარი არხის" ვებგვერდს "გლოვერებმა" ამ sms-ების ამსახველი "სქრინშოთიც" მიაწოდეს:

თავად კომპანიამ კი ამის მიზეზად მომსახურების პირობების მე-11 მუხლი დაასახელა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე "გლოვერებმა" შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს:

"გამარჯობა! Glovo კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აპლიკაციას თქვენს არჩეულ საათებში. გთხოვთ, უკუკავშირის დასაფიქსირებლად გამოიყენეთ შესაბამისი არხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიის ოპერაციების შეფერხების, პარტნიორი ობიექტების, მომხმარებლებისა და სხვა კურიერების ხელის შეშლლის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროტესტის გამოხატვისას კომპანიის პროცედურების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე Glovo შეწყვეტს თქვენთან პარტნიორობას". 

ამ შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კომპანიამ კურიერები დაბლოკა:

კურიერები "მთავარი არხის" ვებგვერდს უყვებიან, რომ ხელშეკრულება დაახლოებით 50-მდე "გლოვერს" შეუწყდა. ისინი, ამ წუთებშიც სპორტის სასახლესთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. მათი თქმით, აქციები ხვალ, 17 მაისს, თბილისში სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

"მთავარი არხის" ვებგვერდი თავად კომპანია "გლოვოსაც" დაუკავშირდა, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ წუთებში, "გლოვერებთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "მაქსიმალურად ცდილობენ მშვიდობიანად დასრულდეს ყველაფერი". კომპანიას კურიერების გათავისუფლებასთან დაკავშრებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია.

გარდა ამისა, "გლოვოს" აპლიკაცია, ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს და კომპანია მომხმარლებლის შეკვეთებს არ იღებს.

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გამოსწორდება ეს ხარვეზი" - უთხრეს "მთავარი არხის" ვებგვერდს კომპანია "გლოვოში".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი