"ბორჯომის" N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების გაფიცული თანამშრომლების პროტესტი დღესაც გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, ქარხნები პარალიზებულია და არ მუშაობს. თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის დასვენებისა და შესვენების უფლების ქონას ითხოვენ.
"ამ მომენტისთვის ორივე ქარხანა არის პარალიზებული და როგორც მე მაქვს ინფორმაცია დახურულია საერთოდ. ეს ტრაილერები რასაც ხედავთ გუშინ არცერთი არ შესულა და პროდუქცია არ გაუტანია დისტრიბუციისთვის. ჩვენ ველოდებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას", - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.
თანამშრომლები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად დაახლოებით 1 საათში კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებენ.
"დღეს უკვე 12 საათზე ველოდებით ადმინისტრაციისგან შემოთავაზებას მოლაპარაკებაზე. მაქსიმალურად ვეცდებით მივაღწიოთ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას, რომ დაკმაყოფილდეს ყველა აქ მდგომის მოთხოვნა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია გაგრძელდება, მზად ვართ, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს თუნდაც", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები გუშინ, 18 მაისს გაიფიცნენ.