გელათი ნადგურდება - წულუკიანი პასუხისმგებლობას იცილებს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებს კულტურის მინისტრმა გელათის ხარაჩოებზე "ბოდიალი" აუკრძალა და ფრესკების ფაქტობრივად მიზანმიმართულ დაზიანებაში დაადანაშაულა.

წელიწადზე მეტია ტაძრებში წყალი არასათანადო გადახურვის გამო ჩადის და პრობლემა მილიონობით დახარჯული ლარის მიუხედავად ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. არასწორი გადახურვის გამო ფრესკები ზიანდება და ხარაჩოდან კონკრეტული პირის მიერ მხატვრობის ჩამოყრის ალბათობას რესტავრატორები გამორიცხავენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მეშვეობით გახდა საჯარო, როგორ ინგრეოდა გელათი და როგორ წვიმდა ტაძრებში.

წულუკიანმა დღეს გელათში ფრესკების დაზიანება წინა ხელისუფლებას დააბრალა და ტრადიციულად არც ნიკა გვარამიას ხსენება დავიწყებია. 

ბრალდებას ნიკა გვარამია Facebook სტატუსით გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრი ახლა ცდილობს ის დანაშაული რაც გელათში მმართველმა გუნდმა ჩაიდინა, სხვებს გადააბრალოს. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი მინისტრს არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. 

წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებები იყო მთავარი თემა, რის გამოც ჟურნალისტები, "ოცნების" უცვლელმა მინისტრმა შეკრიბა. მიზეზი დაკარგული ნახატებია, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაკარგული სულაც არ არის. თუმცა წულუკიანს ისევ არ დავიწყნია, რომ დაკარგულ ნახატებთან ნიკა გვარამია ისევ დაეკავშირებინა. დაკარგულია შვიდი ტილო, აქედან 4 ჩეხეთშია, სამი სხვადასხვა მუზეუმში, ნიკა გვარამიას ამაზე არ დაუწერია Facebook პოსტი.

ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი ამ 4 ტილოს შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ. ეს ფერწერული ტილოები ნამდვილად ჩეხეთშია, თუმცა საქართველოს მფლობელობაში რჩება და ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში არც მისი დაბრუნება საჭიროებს დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკებებს როგორც ეს კულტურის მინისტრმა წარმოაჩინა.

თანამედროვე მხატვრების ტილოები ჩეხეთში წაღებამდე მანამდე კულტურის სამინსიტროს საცავში ინახებოდა და ახლა პრაღაში, საქართველოს საელჩოს შენობაშია

გელათზე, მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შესაძლოა გამოძიება იმ აქტივისტების წინააღმდეგ დაიწყოს, ვინც ქვეყანას პირველმა გააგებინა, რომ გელათი ნადგურდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი