"IDS ბორჯომი საქართველო" კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით", - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კოპმანიის თქმით, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი, "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებს უკრძალავს მათი მონაწილეობის გარეშე კომპანიასთან შეხვედრასა და მოლაპარაკებას. კომპანია განმარტავს, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესს ართულებს.
"უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება სამწუხაროდ, შეუძლებელია გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს ჩვენს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია IDS „ბორჯომი საქართველოს“ პოზიცია-ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის - გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად და მოსალაპარაკებლად", - წერია "IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადებაში.
ცნობისთვის, "ბორჯომის" ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. აქციის მონაწილეები ხვალ 21 მაისს 16:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ. მათი თქმით, აქციაზე მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.