სოციალურად დაუცველი ოჯახი წართმეული ახალშობილის დაბრუნებას ითხოვს. ბავშვი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ექვსთვიანი ორსულობის შემდეგ დაიბადა. წესით, ჩვილი კლინიკაში 3 თვე უნდა დარჩენილიყო, თუმცა დედამ მოგვიანებით შეიტყო, რომ შვილი ჩამოართვეს და ინტენსიური განყოფილებიდან მის დაუკითხავად წაიყვანეს. ოჯახს კიდევ ორი მცირეწლოვანი ჰყავს.
ბავშვის მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა არ იციან, რატომ ჩამოართვეს მათ ბავშვი და სადღაც მათთან შეუთანხმებლად წაიყვანეს. ბავშვის დედამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, რათა ექიმებთან შეხვედრა მოეხერხებინა. დედა ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.
ევესის კლინიკის ექიმები ამბობდნენ, რომ ოჯახს ბავშვის გამოყვანა ჯერ არ შეეძლო, რადგან ბავშვი ექვსი თვის დაიბადა და მას ზონდით კვება სჭირდებოდა. მოგვიანებით კი ბავშვი კლინიკიდან ჩუმად, სოციალური მუშაკის დახმარებით და მონაწილეობით გაიყვანეს.
ჩემი შვილი დამიბრუნეთ, ჩემს შვილს მივხედავთ ჩვენ. ჩემი შვილები ტირიან, თავისი დაიკოს ნახვა უნდათ. ჩემი შვილი სხვასთან რატომ უნდა გაიზარდოს, როცა მე მაქვს ჩემი შვილის გაზრდის შესაძლებლობა. ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ, ფეხშიშველა ვივლი. ქუჩაში დავდგები ჩემი შვილების გულისთვის და მოწყალებას ვითხოვ. მე ჩემს შვილებს არ ვყიდი. თუ დახმარება უნდა და მოწყალება რომ არ მოვითხოვო, ჩემს გვერდით დადგეს, - ამბობს ბავშვის დედა მარიამ გეთიაშვილი.
ბავშვის დედა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბავშვი მასთან ცხოვრობდეს.
მე "სტაიანკაზეც" ვმუშაობ, თუ ზემოთ ტრასაზე ვდგავარ და 20 თეთრს ვაგროვებ თუ რას ვაკეთებ, მე მინდა ჩემი შვილები ჩემ გვერდით იყვნენ და ჩემ გვერდით გაიზარდონ. სოციალური მუშაკი, იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ და გვერდზე დაგვიდგნენ, ბავშვს იტაცებენ და უკანა კარრიდან მიყავთ, - გვეუბნება ბავშვის მამა ალექსანდრე აბოვიანი.
ამ დრომდე გაურკვეველია, სად იმყოფება ბავშვი. ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა არც ევექსის კლინიკის ხელმძღვანელობის და არც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან.