თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ შემოგარენში პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით 22 000 კვადრატული მეტრი კერძო პირის ხელში სიმბოლურ ფასად 18 ლარად გადავიდა. ეს მაშინ როცა საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე მაღალი იყო. მიწა კი საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის იმ ძმისშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ პოლიციელებს ქრთამს აძლევდა, რომ მათ სისტემა დემარშით დაეტოვებინათ.
2019 წლის 27 ივნისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ლისის ტბის მიმდებარედ სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი ნაკვეთი გააერთიანა და 28 ათასი კვ/მ საკუთრებაში დაირეგისტრირა, ერთ თვეში მამუკა ბახტაძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც სახელმწიფოს კუთვნილი 28 ათასი კვ. მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მოქალაქე პაატა პაპავაძეს მის საკუთრებაში არსებულ 8000 კვ.მ.-ში გაუცვალა.
მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ "მთავარის" კამერასთან პირველად გამოჩნდა. ამტკიცებს, რომ დეტალები არ ახსოვს და არც ემზარ ივანიშვილს იცნობს, არადა გარიგება სწორედ მისი ხელმოწერის შემდეგ გაფორმდა. ბახტაძე გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილის გვარი არაფერს ნიშნავს და იგივე სარგებელს მიიღებდა ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.