ქართველი ექიმების მცდარი დიაგნოზი და მკურნალობის კურსი - 37 წლის პაციენტმა ერთ-ერთ კლინიკას ფეხის ტკივილით მიაკითხა. სულ ცოტა ხანში კი გადაუდებელი ოპერაციაც დაუნიშნეს და სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად, დაინიშნა ქიმიოთერაპიის 18 კურსი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად - ევროპელ სპეციალისტებთან გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ექიმებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს.
37 წლის ვალერი ბალახაძეს წინასაოპერაციო კვლევები დაუნიშნეს. უროლოგის კონსულტაციისა და ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მას შარდის ბუშტის ციტოლოგიური და ულტრასონოგრაფიული კვლევა ჩაუტარეს, მაშინ ექიმებმა უფრო საფუძვლიანი გამოკვლევები საჭიროდ აღარ ჩათვალეს. ექიმთა ჯგუფი მანაგაძის უროლოგიის ცენტრიდან მორფოლოგის დასკვნას ენდო. 37 წლის მამაკაცის მორფოლოგიური კვლევის დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ პაციენტს შარდის ბუშტის სიმსივნე აქვს.
მამაკაცს რომელსაც საშარდე ბუშტიდან ქსოვილოვანი წარმონაქმნი მოკვეთეს ანალიზების საზღვარგარეთ გადაგზავნა გადაწყვიტა, თუმცა მანამდე ექიმების დანიშნულებით ქიმიოთერაპიის მკურნალობა დაიწყო და 5 კურსი ჩაიტარა. ებრაელი ექიმების მიერ შესწავლილი ანალიზებით დადგინდა რომ ბალახაძეს სიმსივნე არ ჰქონდა, არც თბილისში ჩატარებულ ოპერაციამდე და არც ოპერაციის შემდეგ.
უმძიმესი გზა კი რომელი მათ გაიარეს, ოჯახის მტკიცებით მანაგაძის სახელობის უროლოგიის ცენტრის ექიმების შეცდომა იყო.
ექიმი რომელიც ოპერაციის შემდეგ მამაკაცს მკურნალობდა გადამღებ ჯგუფს დაემალა. ბესო ხასაია არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. მთავარ არხს მხოლოდ ის ქირურგი გაესაუბრა რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.
არჩილ ჩხოტუა ამბობს რომ წინასაოპერაციო კვლევებიც და ქირურგიული ჩარევაც ყველა წესის დაცვით ჩატარდა, ექიმს ეჭვი არ ეპარება რომ ვალერი ბალახაძისთვის ოპერაცია მორფოლოგიის დასკვნის საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობა იყო და შარდის ბუშტზე არსებული ქსოვილოვანი წარმონაქმნი აუცილებლად უნდა მოკვეთილიყო, შემდეგომ გართულებებზე კი ქირურგი ჩხოტუა პასუხისმგებლობას იხსნის.
ბალახაძის ოჯახმა ადვოკატი უკვე აიყვანა და რამდენიმე დღეში საჩივარს ჯერ ექიმთა რეგულირების კომისიას წარუდგენს, რომლის შემდეგაც პროკურატურას მიმართავს.