"დაუცველები ვართ... თუ მართლა შერიგდნენ, რატოა აქ ამდენი პატრული, სპეცრაზმი"... | ორად გახლეჩილი დმანისი

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება დმანისში - ზუსტად ერთი კვირის წინ, Post Factum-ის ეთერში, დიდი სისასტიკე ვნახეთ.

როგორ შეუბრალებლად სცემდნენ, ჯოხებს ურტყამდნენ, მიწაზე დაათრევდნენ და ასისხლიანებდნენ ერთმანეთს გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები; ეთნიკურად ქართველები და აზერბაიჯანელები, მაგრამ ერთი ქვეყნის - საქართველოს თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. 

პრობლემაც სწორედ აქ იმალება - რამდენად ეპყრობიან ისინი ერთმანეთს როგორც "თანაბარუფლებიანებს"?ის, რაც ერთი კვირის წინ დმანისში მოხდა, იყო უსიამოვნო გამონაკლისი, თუ ორ თემს შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი და მუდმივად არსებული უთანხმოების გამოვლინება? 

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი ამ თემაზე კამერასთან არ ლაპარაკობს, ზოგიერთი კი ბედავს და ღიად ამბობს, როგორ იჩაგრებიან ისინი, როგორ აგრძნობინებენ მათ თავს საზოგადოების არაპრივილეგირებულ და მეორეხარისხოვან წევრებად და შესაბამისად ექცევიან კიდეც. 

მაგრამ, მეორე მხრივ, თავისი პრეტენზიები აქვთ აზერბაიჯანელების მიმართ ქართველებსაც - მათ თავიანთი ახსნა და მიზეზები აქვთ, რამ მიიყვანა მეზობლებს შორის ურთიერთობები ასეთ უკიდურეს ფორმამდე. 

ძალიან კარგია, რომ მხარეები შერიგდნენ და დმანისში დღეს მშვიდობაა. მაგრამ ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, რომ კონფლიქტის ფესვები ბევრად უფრო ღრმა და ძველია და ზედაპირული შერიგება საკითხს ვერ მოაგვარებს. 

მითუმეტეს, სახელმწიფოს ვალი ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ არის დაპირისპირებული მხარეების ქუჩური მეთოდებით დაზავება. ძალიან მასშტაბური, რთული და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ აზერბაიჯანული თემის სრულფასოვანი ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში და მათ ზემოდან არავინ უყუროს. 

და როდესაც ასეთი სასტიკი ჯგუფური დანაშაული ხდება, სახელმწიფო ვალდებულია კანონის შესაბამისად დასაჯოს მოძალადეები, რომელი მხარის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი.

 

მაიკო ლომიძის სიუჟეტი: ორად გახლეჩილი დმანისი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი