მოძალადე პოლიციელის მსხვერპლი - 13 წლის მოზარდი სუიციდის ზღვარზე ორჯერ აღმოჩნდა. არასრულწლოვნის ოჯახი ტყიბულის პოლიციის უბნის ინსპექტორს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა, რომელსაც პოლიციელი ეკა ისაკაძე ფიზიკურად გაუსწორდა, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება.
შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. დაზარალებული მოზარდის ბებიამ, რომელსაც ეჭვი ჰქონდა, რომ მეზობლის რძალი ბავშვებს სცემდა, ფაქტის გადასამოწმებლად პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულ უბნის ინსპექტორს ბიძის სახლში 13 წლის გოგონა გაჰყვა, რის შემდეგაც ბებიამ შვილიშვილის ყვირილის ხმა გაიგო. ბინასთან მისულმა კი დაინახა როგორ უსწორდებოდა მის შვილიშვილს პოლიციელი ქალი.
დაზარალებულის ოჯახის წევრების ბრალდებების მიუხედავად, მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა. ეკა ისაკაძე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მოზარდის დედა და ბებია ფიქრობენ, რომ გამომძიებელ ქალს ტყიბულის პოლიციის უფროსი მფარველობს.
საქმეს სახელმწიფო ისნპექტორის სამსახური სწავლობს.