პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რას ემსახურება პროტესტი, მაშინ, როცა ჰესის აშენებაზე პრემიერმინისტრმა მორატორიუმი გამოცხადა.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის ულტიმატუმების ენაზე საუბარი არასწორია.
"ნამახვანთან დაკავშირებით, მე პირიქით, მინდა თქვენ დაგისვათ მთავარი შეკითხვა, როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეების განმავლობაში მისი აშენება არ ხდება, როდესაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ასევე თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა და შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი.
ეს დამოკიდებულება გახლავთ მიუღებელი, ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა ეს მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ",- თქვა თალაკვაძემ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.