ექსპერტიზის გასაიდუმლოებული დოკუმენტი | რა წერია ნამახვანჰესის ხელშეკრულების კრიტიკულ დასკვნაში

გამოქვეყნდა:

გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" 2 წელი მალავდა. ნამახვანჰესის პროექტზე სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა, სულ მცირე პროექტის გადადებას მოითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ მასშატაბურ პროექტს მწვანე შუქი დასკვნის მიუხედავად აუნთო და მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა.

ირკვევა, რომ 2019 წელს, კონტრაქტის ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე შედგენილ ექსპერტულ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პრობლემა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და ჩამონათვალში შესულია ყველა საკითხი, რომლებზეც ახლა რიონის მცველები საუბრობენ.

დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტსაა მომზადებული. ხელშეკრულება "ენკასა" და ხელისუფლებას შორის კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ 31 აპრილს გაფორმდა.

მმართველი გუნდი დღეს დასკვნის მომზადების პერიოდს ვერ იხსენებს. როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ახლა დოკუმენტი უნდა ნახოსა და ამის შედეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას. "შეიძლება აქაც ეგრე იყო, არ ვიცი, არ მახსოვს, ამას გადამოწმება სჭირდება", - ამბობს სარჯველაძე, რომლის ხელმოწერაცაა აღნიშნულ დასკვნაზე. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესზე "იქნებოდა დამოკიდებული, მისი გათვალისწინება, არ გათვალისწინების საკითხი". 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი ამბობს, რომ "აბსოლუტურად იდეალურად გამართული არ შეიძლება იყოს რომელიმე პროექტი". 

რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ დოკუმენტების გასაიდუმლოება, სწორედ ამ პროექტთან "ქართული ოცნების" კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, "სახელმწიფო ინტერესების ნიველირების ხარჯზე, კომპანია უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი