საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე სამხედრო პატივით ცოტა ხნის წინ მთაწმნიდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს.
გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს. გენერლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა. გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს სწორედ სამებიდან გამოასვენეს.
ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.
"საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო... დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც გენერალი გიორგი კვინიტაძის სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენს მაგალითზე აღიზრდებიან, თქვენი შემართებით და გულანთებული მამულიშვილობით. ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება.
ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი",- თქვა ზურაბისვილმა სიტყვით გამოსვლისას.
გენერლის დაკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის სიტყვა წაიკითხა მეუფე შიომ. პატრიარქმა ემიგრანტების მიღებისა და პატრონობისთვის მადლობა გადაუხადა.
"უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.
მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ",-ნათქვამია განცხადებში.
საფრანგეთიდან ჩამოსვენებული წინაპრების ნეშტი თბილისში შვილიშვილებმა ჩამოაცილეს.