რიონის ხეობის მცველები დღეს დილიდან საპროტესტო აქციას კომპანია "ენკას" ბაზასთან მართავენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ კომპანიის ტექნიკას პერიმეტრზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება არ მისცენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღეს დილით კომპანიის 2 მანქანა უკან გააბრუნეს.
"ჩვენ გადავკეტეთ ორივე გზა შემოსასვლელი ხელობაში, ერთი ქუთაისიდან, მეორე რაჭიდან ლეჩხუმში შემოსასვლელი გზა. ორივე არის ჩაკეტილი კომპანიის სპეცტექნიკისთვის და ტრანსპორტისთვის, ამ შემთხვევაში შეეზღუდება გადაადგილება მხოლოდ კომპანიას და ეს რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მოსახლეობაზე.
ჩვენ შევეცდებით ვუზრუნველყოთ ეს პროცესი, რომ არ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა. ბარიკადს იქეთ არ გვიშვებენ, მთელი ღამე გავათენეთ ხელების დარტყმით, დღესაც გაგრძელდება იგივე პროცესი და საერთოდ, ვიქნებით აქ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის და საზოგადოების სასარგებლოდ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანი ამბობს, რომ ბარიკადების აღმართვით ხელისუფლება იქ მცხოვრებლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.