რიონის ხეობის მცველები კომპანია "ენკას" ბაზაზე რჩებიან. აქტივისტები აპირებენ, რომ კომპანიის კუთვნილ მანქანებსა და ტექნიკას წინ გადაუდგნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვან. თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოსახლეობის გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება.
რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათი უფლებები სახელმწიფოს მხრიდან ილახება, რადგან ისინი არიან ხეობის მცხოვრებლები და საკუთარი სახლებისკენ გადასვლის უფლება არ აქვთ.აქციის მონაწილეების თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიდგომები უნდა შეცვალონ.
"გუშინდელი მოვლენები იყო პირდაპირი გამოვლინება რეპრესიული პოლიტიკის, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ მიმართავს",- თქვა "რიონის ხეობის მცველმა", კახა ასათიანმა.
"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება დაშინების რეჟიმზეა გადასული, თუმცა ეს ფაქტი მათ გეგმებს ვერ შეცვლის. ცნობისთვის, გუშინ გუმათში სამართალდამცველებმა 8 პირი დააკავეს.