რიონის ხეობის მცველები დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს აუდიტის დაქირავებით პასუხობენ. როგორც გუმათთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დაიქირავეს აუდიტი, რომელიც ფინანსებთან დაკავშირებით ყველა ხარჯს დააბალანსებს და გამოაქვეყნებს ფეისბუქ გვერდზე, შესაბამისად, გოლეთიანის თქმით, პასუხი გაეცემა იმ "შავ პიარკამპანიას" რომელიც მათი მისამართით ბოლო დროს აგორდა.
გარდა ამისა, გოლეთიანი ამბობს, რომ მათი დაფინანსების ძირითადი წყარო ემიგრანტები არიან, რისთვისაც ის მათ მადლობას უხდის.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე - თქვა გოლეთიანმა.
გოლეთიანი სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე შემოწირულობებით ფინანსდებიან, მოუწოდებს ასევე გაასაჯაროვონ ხარჯები. როგორც გოლეთიანი ამბობს, რომ არა რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ, დაფინანსებასთან დაკავშირებით აგორებული შავი პიარკამპანია, ისინი არ დაინტერესდებოდნენ სხვების შემოსავლებით, თუმცა ახლა, აუცილებელია, "ყველას ერთი წესის ქვეშ მოქცევა".