პირამოკერილი ქალები და წვეთოვანზე მიბმული ადამიანები | პროტესტის 100 დღე ჭიათურაში

გამოქვეყნდა:

პირამოკერილი ქალები; წვეთოვანზე მიბმული ადამიანები; სადარაჯოზე მდგომი სასწრაფოები - უკვე მე-100 დღეა, ჭიათურაში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება. თითქმის სამი კვირაა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს.

რამდენიმე მათგანი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს. სხვებს წვეთოვანი აქვს მიმაგრებული, იქვე იცდიან მედიკოსებიც, რომ მოშიმშილეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ. 

ჭიათურის მიწიდან, წიაღისეულის სახით, ყოველდღიურად უდიდესი სიმდიდრე გადის, მაგრამ ისე, რომ თვითონ ამ მიწაზე მცხოვრებ ოჯახებს გვერდს უვლის - ადამიანები აქ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. და პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ადგილობრივები ამ სიმდიდრით ვერ სარგებლობენ - დამატებით მძიმე ზიანი ადგება მათ ჯანმრთელობას, უხეშად ირღვევა მათი უფლებები, მათი სახლები ინგრევა. 

მანგანუმის მომპოვებელი კომპანია თხრის ყველგან, პირდაპირ ეზოების გვერდით. ზოგიერთი სახლი, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ მდელოზე იდგა, ახლა რამდენიმემეტრიანი უფსკრულის პირას დგას, იმიტომ, რომ მათ პირდაპირ გვერდით უთხრიან მიწას. 

შემდეგ გვირაბებს თხრიან, რომლებიც ეზოებისა და სახლების ქვეშ გადის - მათი გაყვანის პროცესი უკვე აზიანებს ნაგებობებს, მაგრამ შემდეგ უარესი ხდება - ადრე თუ გვიან, მიტოვებული გვირაბები ჩანგრევას იწყებს და ინგრევა მათ ზემოთ მოთავსებული ტერიტორიაც. 

კომპანია მატერიალურ ზარალს, თითქოს, კომპენსაციით ფარავს ხოლმე, თუმცა ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს კომპენსაცია არაადეკვატურია. რაც შეეხება დაზიანებულ ჯანმრთელობას - ამას არავინ და არაფერი აკომპენსირებს.

მაია ლომიძის სიუჟეტი: "პირამოკერილი პროტესტი" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი