ახალგაზრდული პროტესტი ორი წლის წინ და კიდევ ერთი მეგა ტყუილი ქართული ოცნებისგან. დრომ აჩვენა, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების, რუსთაველის გამზირზე გამართული გრანდიოზული აქციებისა და გიორგი გახარიას საჯარო ბოდიშის შემდეგ მმართველმა პარტიამ ისევ ყველა მოატყუა.
ნარკოპოლიტიკა ამ დრომდე არ არის შეცვლილი. კანონპროექტი ორი წელია პარლამენტის თაროებზე დევს და ახალგაზრდებს უმცირესი სუბსტანციების ფლობისთვისაც კი ისევ უმძიმესი სასჯელით უშვებენ ციხეში. რატომ არ შეიცვალა პოლიტიკა, ამაზე ხელისუფლებაში განმარტებას არავინ აკეთებს.
თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება - ახალი თაობის პროტესტი 2 წლის წინ 12 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ღამის კლუბებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა და ახალგაზრდები ძალის გამოყენებით გარეთ გამოყარა.
რუსთაველზე გაგრძელებული პროტესტი, ცეკვა და თავისუფალი ცეკვისთვის ბრძოლა ქვეყნის მთავარ გამზირზე მაშინ გახარიას სიტყვებით დასრულა "მაშინ დავიწყოთ ბოდიშით".
ვერც მაშინ და ვერც ორი წლის შემდეგ ვერავინ გაიგო, რატომ გახდა ოთხ კლუბში პოლიციის შეჭრა აუცილებელი, როდესაც ნარკორეალიზატორები უკვე დაკავებული ყავდათ და ზუსტად იცოდნენ,რომ კლუბებში ვერაფერს იპოვიდნენ.
მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ (გიორგი გახარია) იმ დღეს თავის პოლიტიკურ კარიერას აკეთებდა, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი დათო სუბელიანი.
ახალგაზრდები,რომლებმაც პროტესტი ცეკვით გამოხატეს და ამით ისტორიაში შევიდნენ, დღეს ამბობენ, რომ ეს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მსოფლიომ გაიზიარა. ყველამ დაინახა ცეკვა, როგორც ურთიერთკავშირისა და თვითგამოხატვის ფორმა და მოძალადე სისტემის მიერ უარყოფილი თაობა.