ხელისუფლება ისევ სკანდალში ეხვევა. კიდევ ერთი კონტრაქტი საეჭვო ტესტების შესყიდვაზე 24 აპრილით არის დათარიღებული. ჯანდაცვის სამინისტრომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ კომპანიასთან, გამარტივებული შესყიდვის წესით, მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა.
დოკუმენტების თანახმად, საქართველოში 30 ათასი ჰოლანდიური სწრაფი ტესტი უნდა შემოსულიყო, საბოლოოდ კი, გაირკვა, რომ ტესტები არა ნიდერლანდებში, არამედ ჩინეთშია წარმოებული და უხარისხოა. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიის ტესტები ნაკლებად ზუსტია და მაგალითად, დიდი ბრიტანეთში მათი გამოყენება აკრძალულია.
შუამავალ კომპანია "სოლემარტთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ტესტების მომწოდებელი ჰოლანდიური "ინზეკ ტრეიდინგი" უნდა ყოფილიყო. კონტრაქტის ხელმოწერის მომენტისთვის თავად ჰოლანდიაში ადგილობრივი პრესას უკვე გამოძიებული ჰქონდა, რომ ტესტები რეალურად ჩინური "ოლტესტის" მიერ იყო წარმოებული. ინზეკი სწრაფი სხეულების ტესტებს ხელახლა ფუთავდა და აწერდა, რომ ისინი ჰოლანდიაშია წარმოებული.
შუამავალი კომპანია სოლემარტის დირექტორი კი დღემდე ამტკიცებს, რომ ტესტები ჩინური არ არის და ამ ყველაფერს ჰოლანდიელი, რუსი, ბრიტანელი და ქართველი ჟურნალისტები იგონებენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეს კონტარქტი იმიტომ შეაჩერა, რომ მას ტესტების ჩამოტანა ორი დღით დააგვიანა.
კომპანია სოლემარტის მფლობელი და დირექტორი ახლო კავშირშია ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებთან. ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დავით შავლიაშვილის მეგობარია, ვისთან ერთადაც წლების წინ ბიზნესი ჰქონდა. ასევე დაკავშირებულია სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებთანაც. ამის შესახებ საუბრობს მოძრაობა "შეაჩერე კორუფციას" წარმომადგენელი ვატო გელაშვილი.
ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ქვეყანა დარჩა სწრაფი ტესტების გარეშე, შესყიდულია საეჭვო ხარისხის პროდუქცია და შუამავალი ისევ და ისევ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოვებული კომპანიაა.