დიდ დიღომში გუშინ, 31 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად ბერი ანდრიას სახელობის ფონდიც დაზიანდა. შენობაში არასრულწლოვნები ცხოვრობენ. იქ მყოფები ამბობენ, რომ შენობაში ცხოვრება უკვე სახიფათოა და საცხოვრებლად ალტერნატიული ფართი ესაჭიროებათ.
ადგილობრივების თქმით, ამ თვეში მათ სახლებში წყალი უკვე მეორედ შევარდა.
"დახმარებას ვითხოვთ, გუშინ ძლიერი წვიმა იყო. ამ თვეში უკვე მეორედ შემოგვივარდა წყალი. წინიდან კიბეებიდან ჩამდიოდა და როგორღაც შევაკავეთ წყალი, მაგრამ მერე უკვე ფანჯრიდან ჩამოვიდა, დიდი რაოდენობით მოდიოდა წყალი, ვერ ვაჩერებდით და ეზოშიც თითქოს ბასეინი იყო, დიდი რაოდენობის წყალი იყო. გაფუჭდა ყველაფერი რაც იყო, რაც გვქონდა გადარჩენილი ისევ გაფუჭდა და განადგურდა. საცხოვრებლად გამოუსადეგარია ეს სახლი",- თქვა ფონდის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ადგილზე სანიაღვრე სისტემები მოწესრიგებული არ არის, მათ მერიაში განცხადება შეიტანეს, მერიის წარმომადგენლები აღწერაზე იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დრომდე სანიაღვრე სისტემების პრობლემა არ მოგვარებულა.