საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან შემოსული კანონიერი ქურდი, რევაზ უბილავა, მეტსახელად "ჯვარსკი" დააკავეს. არსებული ინფორმაციით, "ჯვარსკი" წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა, რის შემდეგაც აფხაზეთში საქმის გასარჩევად ჩავიდა.
რევაზ უბილავა წალენჯიხის რაიონის სოფელს მუჟავაში გალის რაიონიდან გუშინ გადმოვიდა. ნათესავებს მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
არაფერი არ ვიცით. ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. დანაშაული არ ჩაუდენია. ეტყობა ქურდულ მენტალიტეტს ედავებიან. მეტი არაფერი არ ვიცი. დაკავების მომენტს არ შევსწრებივართ, არ ვიცით, თვალით არ გვინახავს ეს პიროვნება. შეიძლება გადმოსული იყო, მოვიდა და ეგრევე დაიჭირეს, - განაცხადა დაკავებულის ნათესავმა თეონა უბილავამ.
რევაზ უბილავასთან დაკავშირებით ინფრომაცია არც მის მეზობლებს აქვთ.
"მთავარის" ინფორმაციით, კანონიერი ქურდი გვიან ღამით სარფის გავლით თურქეთში გადასვლას გეგმავდა, თუმცა სამართლდაცავებმა ამის განხორციელებამდე დააკავეს. მისი დაკავება კანონიერი ქურდობისთვის მოხდა. წარდგენილი ბრალდება 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რევაზ უბილავას ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.