მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯერ არავინ გამოჩენილა იმისთვის, რომ ბავშვების გაყვანის პროცესი დაიწყოს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მოსამართლის განჩინების შესახებ ინფორმაცია არ აქვს:
"ვინ მოსამართლემ გააკეთა, რა მოხდა, ვინ გაიყვანს ამ ბავშვებს? არ ვიცი, პირველად მესმის და როგორ შეიძლება რამე აზრი მქონდეს? მგონია, რომ თუ ძალადობაზეა ლაპარაკი გამოძიება უნდა ჩატარდეს. მოსამართლემ განაცხადა სასამართლოს გარეშე თუ სასამართლო შედგა? შემიძლია გითხრათ, რომ კანონი უზენაესი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
რაც შეეხება საპატრიარქოს. როგორც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, საპატრიარქო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერ წავა.
"თუ სასამართლომ და სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ბავშვების უკეთესი ინტერესებისთვის საჭიროა, ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მთავარია ბავშვების ინტერესები" - ამბობს ქარჩავა
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა - ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა.