გარდაბანში მეორე დღეა შსს-ს საგანგებო ზომები აქვს მიღებული. მიზეზი კონფლიქტია, რომელიც მუნიციპალიტეტში 2 ივნისს ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის დაიწყო.
დმანისის მსგავსად ეს დაპირისპირებაც მაღაზიაში პროდუქტის გამო მოხდა.
"მთავარის" ინფორმაციით, 2 ივნისის ღამეს "სოკარის" სუპერმარკეტში მერაბ ონიანი თანმხლებ პირთან ერთად შევიდა, პროდუქტი მოითხოვა და მოლარეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სამეურნეო საგანი ესროლა. ონიანი დაუპირისპირდა ბენზინგასამართი სადგურის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელსაც კონფლიქტის მოგვარება სურდა.
მაღაზიის მენეჯერს კედელზე ბრახუნით აფრთხილებენ, რომ "მთავარ არხთან" არაფერი უნდა თქვას. მუნიციპალიტეტში ყველა ცდილობს 3 დღის უკან მომხდარი კონფლიქტის დამალვას. არადა გარდაბნის ცენტრში "სოკარში" მდებარე მაღაზიაში პროდუქტის ასაღებად მისულ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბი ყველას თვალწინ მოხდა.
დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი მაღაზიის გამყიდველია, რომელიც მეორე დღესვე სხვა თანამშრომლით ჩაანაცვლეს და მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის მონაწილე მერაბ ონიანი კი წვრილმანი ხულიგნობისა და ძალადობის ბრალდებით ჩხუბიდან მეორე დღესვე დააკავეს. თუმცა ძალადობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს.
მერაბ ონიანი დაკავებული მხოლოდ 48 საათი იყო. პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 3 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ის "მთავარი არხის" კამერას ისევ ემალება.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ბრალდებულ ონიანთან ერთად იყო გეგი ღვაჩლიანიც, რომელსაც ადგილობრივი აზერბაიჯანელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ნაცემ მამაკაცს სახლშიც მივაკითხეთ, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ღვაჩლიანი თავს კარგად გრძნობს და ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.
წესით, საგამოძიებო უწყებას უკვე უნდა ამოეღო და შეესწავლა, ჩხუბის ამსახველი მასალა, რომელსაც "სოკარის" სათვალთვალო კამერები ინახავს.