შუახევში, ხიჭაურის დასახლებაში მდებარე სასწავლო დაწესებულებაც მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაშია. ტერიტორიაზე, რომელიც მაღალი ღობით არის შემოსაზღვრული და სადაც არავის უშვებენ, უნივერსიტეტი, პროფესიული სასწავლებელი და სკოლა მდებარეობს. წლებია, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იქ შესვლას და ვითარების გადაღებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მაგალითად წელს გრანტის სახით 1 805 000 ლარი მიიღო. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული იქ დასაქმებულთა ხელფასი.
უკვე ყველასთვის ცნობილია ნინოწმინდის პანსიონში, აღსაზრდელების მიმართ, სავარაუდო, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ამ დრომდე არავის გამოუძიებია ფაქტი, რომელსაც ყოფილი ბენეფიციარი ყვება, როგორ შემოაკვდათ ცემაში 7 წლის ბავშვი. ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ ოთხ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.
არავინ იცის რამდენი აღსაზრდელია ამჟამად პანსიონატში, არც ის იცის ვინმემ როგორ პირობებში არიან ბავშვები, რადგან სავალდებულო ყოველწლიური ანგარიში 2018 წლის შემდეგ პანსიონატის ხელმძღვანელობას რეგულირების სააგენტოსთვის არ წარუდგენია.
პანსიონმა 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.
იმის მიუხედავად,რომ საპატრიარქო ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს, ამ ფულის სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს.
25-დან 14 მილიონზე მეტს ოფიციალური, დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქო მის დაქვემდებარებაში არსებულ 51 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ანაწილებს, მათ რიცხვში შედის პანსიონებიც. დღეს ჩვენი ქვეყნის მაშტაბით მსხვილი ბავშვთა სახლების არსებობას კანონი კრძალავს, თუმცა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ასეთ სახლებს საგანმანათლებლო სტატუსი მიანიჭეს და შეიძლება ითქვას, კანონის გვერდის ავლით შეინარჩუნეს.
ბოლო დღეების განმავლობაში ერთადერთი პანსიონი, რომელში შესვლის უფლებაც მოგვცეს ე.წ ფერიას ბავშვთა სახლია. აქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. ეს მექანიზმი კი სავარაუდოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 2014 წელს ამ დაწესებულებაში მყოფმა აღსაზრდელებმა ღიად ისაუბრეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შესახებ.