"საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას, სიკვდილი მირჩევნია" | თინა ხიდაშელის ცხოვრება კორონას შემდეგ

გამოქვეყნდა:

თინა ხიდაშელი... - ვისაც ის მხოლოდ პოლიტიკოსის ამპლუაში, ეკრანზე გინახავთ, ალბათ, მას ძლიერ, მებრძოლ ქალად დაახასიათებთ; ასეც არის... მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი გამძლეობა ძალიან დიდი და მოულოდნელი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა - კოვიდი. 

ავადმყოფობა, თითქოს, მსუბუქად, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ დაიწყო - თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა. 

ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. 

თინა ხიდაშელი მოგიყვებათ თავისი ავადმყოფობის უმძიმეს ისტორიას - იმდენად მძიმეს, რომ ამბობს: "საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას, სიკვდილი მირჩევნიაო". ექიმები ამბობენ, რომ უამრავმა გართულებამ, რომელიც ათეულობით სხვადასხვა პაციენტში უნახავთ, აქ ერთ ადამიანში მოიყარა თავი. 

მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა - თქვენ ამას ახლა თავად ნახავთ. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი - თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება... კი არ ცვივა - არა, არ ცვივა; უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.

ეს საინტერესო, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან ოჯახის წევრების და, განსაკუთრებით, მეუღლის დახმარებით გადალახა. 

თეა ადეიშვილმა, რომელმაც ჩაწერა ეს ინტერვიუ, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: "საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდაო". როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა. 

დათო - რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა -  მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება. 

თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.

თეა ადეიშვილი: "ცხოვრება კორონას შემდეგ"
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი