მედიაგარემო საქართველოში - ფილიპ რიკერისა და არასამთავრობოების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერისა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ რიკერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო იყო. საუბარი შეეხებოდა, სასამართლოში მედიამენეჯერების საქმეებს, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებსა და მარეგულირებელი კომისიის საკითხებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რიკერთან შეხვედრაზე მათ საქართველოში მედიის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

"მოისმინეს მედიის პრობლემები, რაზედაც კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, არაერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ იზრუნოს და გადაჭრას. მათ შორის არის ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.

ცხადია არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა და ხდება ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არის, მარეგულირებელი კომისია, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში მნიშვნელოვანი აქტორია.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც შეხვედრაზე გაიცვალა დადებითად აისახება მედიის მდგომარეობაზეც",-თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ფილიპ რიკერი მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს შეხვდება. 

საქართველოს შემდეგ, რიკერი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი