საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ქარჩავას თქმით, საპატრიარქო კვალიფიციურ იურისტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელს ამზადებს.
"აქ საუბარია დროებით განჩინებაზე, იმ ნაწილზე, რომლითაც 7 ბავშვი გაიყვანეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებლობა არ იყო. ვინაიდან ეს არ ნიშნავს ქონებაზე ყადაღის დადებას, რომ არ გასხვისდეს. ეს ბავშვები შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ.
ამიტომ მიმაჩნია, რომ შესაძლებელია მათი უფლებები სადაც გაიყვანეს იქაც დაირღვეს. იქაც შესწავლილი უნდა იქნას, რა პირობებში გაიყვანეს ეს ბავშვები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დროებითი ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ამასთანავე კვალიფიციურ იურისტების მეშვეობით ჩვენ ვამზადებთ, შესაგებელს იმ სარჩელზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა",-თქვა ქარჩავამ.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.